იორას შესახებ
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში, თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს იორა – ბიომეღვინეობა და სასტუმრო, სადაც ღვინო, ბუნება და დასვენება ერთ სივრცეში ერთიანდება.
ვენახებით, ტბითა და ბუნებრივი ლანდშაფტით გარშემორტყმული სივრცე შექმნილია მათთვის, ვისაც სურს კახეთი განსხვავებულად აღმოაჩინოს.
იორა სტუმრებს სთავაზობს მშვიდ და გამორჩეულ სივრცეს დასვენებისთვის, კახეთის ატმოსფეროს გასაცნობად და ავთენტური გამოცდილების მისაღებად.
აქ შეგიძლიათ გაატაროთ დრო ბუნებასთან სიახლოვეში, აღმოაჩინოთ ქართული ღვინის კულტურა, დაისვენოთ ოჯახთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად და დატკბეთ გარემოთი, სადაც ყოველი დეტალი სიმშვიდისა და კომფორტისთვის არის შექმნილი.
ღვინის მარნის ისტორია
მეღვინეობა იორას ისტორია იწყება 2014 წელს, როდესაც კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ნინოწმინდაში აღმოვაჩინეთ ადგილი, რომელსაც ადგილობრივები „ნაზვრევს“ უწოდებდნენ. სწორედ აქ, შემორჩენია მე-18 საუკუნის მარანის ნაშთები. სახელწოდება „ნაზვრევი“ (ნავენახარი) და ისტორიული კვალი ნათლად მიანიშნებდა, რომ ეს ადგილი ოდესღაც მევენახეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო.
სწორედ ამ აღმოჩენამ მოგვცა ბიძგი და 2015 წელს გავაშენეთ 1 ჰექტარი რქაწითელი. 2016 წელს კი ვენახი გაფართოვდა და დაემატა საფერავი, კახური მწვანე და ქისი, დამატებით 1.5 ჰექტარის ფართობზე.
ამ მდიდარ ბუნებრივ გარემოში ყოფნისას გადაწყდა, რომ სივრცე ეკომეგობრულ პრინციპებზე აგებულიყო და სრულად შენარჩუნებულიყო ბუნებასთან ჰარმონია, რის გამოც ავირჩიეთ ბიომიმართულება, რომელსაც დღემდე ვინარჩუნებთ და რასაც ჩვენი ყოველწლიური საერთაშორისო სერტიფიკატებიც ადასტურებს.
2018 წელს დასრულდა მარანის მშენებლობა და ამავე წელს გადავამუშავეთ ჩვენი ვენახის ყურძენი ტრადიციული ქართული მეთოდით ქვევრებში.
ქვევრები სპეციალურად იორას მარანისთვის დამზადდა საქართველოში, მეთუნეობის ერთ-ერთ აქტიურ კერაში – ტყემლოვანში. საერთო ჯამში მარანი მოიცავს 27 ქვევრს, დაახლოებით 30 ტონის მოცულობით.
მარანი განთავსებულია მიწის დონიდან ამაღლებულ კონსტრუქციაზე, რაც იცავს ღვინოს ზედმეტი ტენიანობისგან და ქმნის იდეალურ პირობებს მისი ბუნებრივი განვითარებისათვის.
ამავე სივრცეში მოწყობილია 8000 ბოთლზე გათვლილი ენოთეკა. ღვინო ქვევრში მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ვარგდება, რის შემდეგაც ის ჩამოისხმება ბოთლებში და განთავსდება ენოთეკის თაროებზე. აქ ღვინო ინახება სტაბილურ, ბუნებრივ 15–17°C ტემპერატურაზე მთელი წლის განმავლობაში.
ენოთეკის პარალელურად მარანში მოწყობილია სადეგუსტაციო სივრცე, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ იორას ღვინოები და გაეცნონ მისი შექმნის პროცესს.